ღვინის უძველესი მწარმოებელი საქართველო ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს ზრდის, - ამ სათაურით სტატიას ამერიკული Forbes აქვეყნებს.
გამოცემა წერს რომ საქართველოში ღვინის კულტურა იმაზე ძველია, ვიდრე მსოფლიოს არაერთ ცნობილ მწარმოებელ ქვეყანაში და 6000 წელზე მეტს ითვლის.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ელიტაში, რაც მისი ხარისხისა და ისტორიის დამსახურება იყო. ამ მხრივ გამოცემა აქცენტს კახეთზე აკეთებს.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წელს რუსეთის ემბარგომ ქართველ მწარმოებლებს ალტერნატიული ბაზრების მონახვისკენ უბიძგა, - ერთ-ერთი მსგავსი კი ჩინეთია. გამოცემა წერს, რომ საქართველო მომავალი წლიდან ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ისარგებლებს, რაც როგორც ქართული ასევე ჩინური ღვინის ინდუსტრიისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
"კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი - ეს საქართველოს რეგიონების რთულად დასამახსოვრებელი სახელწოდებებია, თუმცა ეს არის ადგილები საიდანაც ჩინეთში წითელი საფერავი ხვდება. 20-მდე ქართული ღვინო დავაგემოვნე, განსაკუთრებით კი წითელი ღვინო მომეწონა", - წერს სტატიის ავტორი.

























