მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Forbes კვირაში" გასული ინტერვიუს შემდეგ, ოპოზიცია ქობულიას პარლამენტში მისვლას ითხოვს

5ccffb974ef4f
ლიკა გურაბანიძე
06.05.19 13:16
1257
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გადაცემა „Forbes კვირაში“ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ექსმინისტრი მზადაა, პარლამენტში მივიდეს და ანგარიში წარადგინოს.

რომან გოცირიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას ყოფილი მინისტრის მოსასმენად კომიტეტზე მოწვევა სთხოვა.

„გადაცემაში ბევრი საგანგაშო რამ ითქვა, მათ შორის ის, რომ თანამდებობიდან საკუთარი ნებით არ წასულა და მასზე არაფორმალური ზეწოლა ხორციელდებოდა. იგი ასევე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკის მართვაში არსებულ უკანონო თამაშის წესებს. ის, რაც გუშინ გახმაურდა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ შესწავლილი უნდა იქნას. გთხოვთ, კომიტეტში მისი მოსვლა უზრუნველყოთ. თუ ეს ვერ მოხერხდა და მან გადაიფიქრა, ჩვენ არსებული რეგლამენტის შესაბამისად, მოვითხოვთ ის მოვლენა, რაც გახმაურდა, თქვენი კომიტეტის მიერ შესწავლილი მაინც იქნას“, - აღნიშნა გოცირიძემ.

თავის მხრივ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოწვევაზე ისიც თანახმაა.

„მისი მოსმენის შემდეგ, მსგავსი სურვილი მეც ჩამომიყალიბდა იმიტომ, რომ თუ მას აქვს სურვილი საჯაროდ ინფორმაცია გააჟღეროს და ის ტელეეკრანებთან ამას აკეთებს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, მოვიდეს და აქ განაცხადოს. კომიტეტების წევრებს დაველაპარაკები და ჩამოვყალიბდებით. ჩემი პირადი აზრი დადებითია“, - განაცხადა კაკულიამ.

გიორგი ქობულიას პარლამენტში არ მოსვლის მიზეზს ვერ ხედავს ვერც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ რომან კაკულიასგან განსხვავებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კომიტეტზე მოსმენას არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე.

მისი თქმით, თუ ქობულიას რამე სათქმელი ჰქონდა, მას განცხადებები მინისტრობის პერიოდში უნდა გაეკეთებინა.
არველაძე მიიჩნევს, რომ „ეს ნაწყენი ადამიანის პოზიციაა“.

ცნობისთვის: გიორგი ქობულიასთან გიორგი ისაკაძის ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები