ბოლო წლებში მსოფლიოში ტელევიზიების შემოსავალი საგრძნობლად გაზრდილია, რაც Game of Thrones-ის და მისი მსგავსი სერიალების დიდი დამსახურებაა. მეტი შემოსავლები კი ნიშნავს გაზრდილ კონტრაქტებს არამხოლოდ მსახიობებისთვის, არამედ სპორტსმენებისთვისაც.
სწორედ ამიტომ, წლევანდელი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების Forbes-ის რეიტინგი განსაკუთრებით მდიდრული და განსხვავებულია. საუკეთესო 10-ეულში მოხვდნენ ფეხბურთის, კრივის, ჩოგბურთის, ამერიკული ფეხბურთის და კალათბურთის წარმომადგენლები.
მე-10, მე-9 და მე-8 ადგილებზე კევინ დურანტი, სტეფ კარიდა ლებრონ ჯეიმსი გავიდნენ. თითოეულ მათგანის შემოსავალი წელიწადში შესაბამისად 65, 79 და 89 მილიონი დოლარია, სადაც შედის როგორც მოჭრილი ხელფასი, ასევე სასპონსორო კონტრაქტებიდან აღებული თანხა.
მომდევნო ორი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები არიან. მათ წლიურად თითქმის თანაბარი შემოსავალი აქვთ. აარონ როჯერსის მიერ 2018 წელს გამომუშავებული თანხა 89 მილიონ 300 ათასი დოლარია, რასელ უილსონის კი 89.5 მილიონი დოლარი. მათი შემოსავლის თითქმის 90% ხელფასზე მოდის, შედარებით მცირე ნაწილი კი სპონსორებიდან.
მე-5 პოზიციაზე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, მისი მონაგარი თითქმის 100 მილიონს აღწევს და 93 მილიონ 400 ათასი დოლარია. მისი შემოსავალი ტურნირის საპრიზო ფონდებიდან შედარებით მოკრძალებული, 7.4 მილიონი დოლარია, სპონსორებიდან კი ფედერერის მონაგარი 86 მილიონი დოლარი იყო.
მე-4 ადგილს ერთადერთი პროფესიონალი მოკრივე სიაში, კანელო ალვარესი იკავებს, რომელიც მექსიკის მოქალაქეა და მისი ანაზღაურება 2018 წელს 94 მილიონი დოლარი იყო. მის მიერ ორთაბრძოლის გამარჯვების შემდეგ მოპოვებული თანხის ჯამი 92 მილიონი დოლარია, სპონსორების ნაწილი აქ მხოლოდ 2 მილიონი დოლარია.
პირველი 3 ადგილი ფეხბურთელებმა ტრადიციულად არავის დაუთმეს. ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდო და ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და სპორტსმენები არიან. მათ მიერ ჯამში გამომუშავებული თანხა 341 მილიონი დოლარია.
ნეიმარმა 2018 წელს შემოსავლის სახით 105 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც ხელფასი 75 მილიონი დოლარი იყო, სპონსორებისგან მიღებული თანხა კი 30 მილიონი, რონალდომ 65 მილიონი დოლარი კლუბისგან მიიღო, 44 მილიონი კი სპონსორებისგან. ლიონელ მესის რაც შეეხება, 31 წლის ფეხბურთელის შემოსავალი ჯამში 127 მილიონი დოლარია, საიდანაც 92 მილიონი ხელფასისა და მოგების ბონუსებია, 35 მილიონი დოლარი კი სპონსორების მიერ მიღებული შემოსავალი.

























