მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ში შიშობენ, რომ შტატებში ელექტრომობილების ბაზარი მკვეთრად შემცირდება

ელექტრომობილები

Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ ელექტრომობილების ამერიკული ბაზარი უახლოეს მომავალში განახევრდება. ამის მიზეზად ის ტრამპის ხელისუფლების მიერ $7,500-დოლარიანი სახელმწიფო სუბსიდიის შეწყვეტას ასახელებს. როგორც ფარლი განმარტავს, წლების განმავლობაში, ელექტრომობილების ინდუსტრიას კონკურენტუნარიანობას სწორედ ფედერალური მხარდაჭერა უნარჩუნებდა.

Ford-ის CEO შიშობს, რომ სოლიდური სუბსიდიების შეჩერება ელექტრომობილების შეძენის მსურველებში ინტერესს შეამცირებს და ისინი კვლავ ჰიბრიდულ ან ტრადიციულ ტრანსპორტს დაუბრუნდებიან. ფარლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრომობილების ამერიკული ბიზნესი სწორედ სახელმწიფოს ხელშეწყობამ განავითარა, თუმცა თავს იკავებს იმის თქმისგან, რომ ინდუსტრია ტრამპის მხარდაჭერის გარეშე არსებობას ვერ გააგრძელებს. ფარლის განმარტებით, ამერიკულმა ბრენდებმა თავი არასასიამოვნო სცენარისთვის უნდა მოამზადონ და მეტი აქცენტი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე გადაიტანონ, რადგან სახელმწიფოს თანადგომის იმედად ყოფნა ვეღარ მოხერხდება.

ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელზედაც Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს კომპანიის ნაწილობრივი ელექტრიფიკაციაა. საუბარია აქცენტის ჰიბრიდების წარმოებაზე გადატანაზე. ფარლის განმარტებით, კომპანიამ ყურადღება ისეთი პროდუქტების გამოშვებაზე უნდა გადაიტანოს, რომელთა წარმოებაც გაცილებით იაფი დაჯდება და მომხმარებლებისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

ფარლის თქმით, ახლა Ford-ის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადაპტირდება კომპანია არსებულ არასასიამოვნო რეალობასთან და რამდენად შეძლებს სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე შექმნას ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და შემოსავალზე ორიენტირებული პროდუქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები