მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორმირებული გუნდი და კონცეფცია - რა გეგმები აქვთ რესტორან „ლემარეს“ ახალ მფლობელებს ?"

სს

თბილისში, ფალიაშვილზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი გასტრონომიული სივრცე „ლემარე“ გაიყიდა და მას ახალი მფლობელები ჰყავს.

რესტორნის ახალი თანამფლობელი სოფო კალანდარიშვილი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ობიექტის შეძენა მათთვის მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება არ ყოფილა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ემოციურმა კავშირმა ითამაშა.

მისი თქმით, „ლემარე“ წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენდა როგორც დამფუძნებლებისთვის, ისე ობიექტის ახალი თანამფლობელებისა და მათი მეგობრებისთვის: „რესტორანი „ლემარე“, რომელსაც ხშირად „ფრანგულადაც“ მოიხსენიებენ, ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. მისი დაარსების დღიდან მას ჩვენი ახლო მეგობრები მართავდნენ. ეს იყო სივრცე, რომელიც ასოცირდებოდა თბილ, მყუდრო გარემოსთან, მაღალი ხარისხის სერვისთან და უამრავ სასიამოვნო მოგონებასთან“, – ამბობს კალანდარიშვილი.

მისივე განმარტებით, ობიექტის შეძენის გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღეს და თავიდანვე განსაზღვრეს, რომ რესტორნის იდენტობა უნდა შენარჩუნებულიყო : "რესტორნის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენთვის ეს ნაბიჯი მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება არ ყოფილა – მნიშვნელოვანი როლი ემოციურმა კავშირმა და ამ სივრცისადმი სიყვარულმა ითამაშა", – აღნიშნავს იგი.

თანამფლობელის განცხადებით, „ლემარემ“ ფუნქციონირება მხოლოდ 7-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა - ხელშეკრულება 2025 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა, ხოლო უკვე 22 დეკემბერს რესტორანმა პირველი სტუმრები მიიღო. მისი თქმით, ამ პერიოდში განხორციელდა ინტენსიური სამუშაოები, მათ შორის რებრენდინგი, ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, მენიუსა და სასმელების ბარათის შექმნა, ასევე ადმინისტრაციული სისტემების გამართვა.

„მუდმივად ცვალებად სარესტორნე გარემოში ჩვენ, როგორც რესტორატორებს, მოგვიწია სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. ფინანსური მართვიდან და ბიუჯეტირების პროცესებიდან დაწყებული, გუნდის ფორმირებითა და სერვისის ხარისხის მართვით დამთავრებული. ეს ყველაფერი მოითხოვდა ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მუდმივ განვითარებას, რაც ამ სფეროში სრულიად ბუნებრივი პროცესია.

მოლაპარაკებების პარალელურად აქტიურად ვმუშაობდით მომავალ განვითარებაზე - კონცეფციის განახლებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ სივრცისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა ისე, რომ მისი ისტორიული ხასიათი არ დაკარგულიყო. ამიტომ, თავიდანვე უარი ვთქვით რადიკალურ ცვლილებებზე და აქცენტი გავაკეთეთ ფრთხილ განახლებაზე, სერვისის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის გამოცდილების დახვეწაზე. მენიუს მიმართულებითაც შევინარჩუნეთ ფრანგული იდენტობა, თუმცა დავამატეთ ახალი კერძები და თანამედროვე ინტერპრეტაციები, რამაც კონცეფცია უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ბუნებრივი და ეტაპობრივი - ისე, რომ ერთგულ სტუმრებს არ დაეკარგოთ მათთვის საყვარელი გარემო, ხოლო ახალ სტუმრებისთვის „ლემარე“ თანამედროვე და მიმზიდველ სივრცედ იქცეს“, – აღნიშნავს კალანდარიშვილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე დანერგილია შიდა ოპერაციული სტანდარტები და ხარისხის კონტროლის სისტემა, ხოლო ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს HACCP-ის დანერგვაზე მუშაობა, რაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და სერვისის ხარისხის დამატებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება დასაქმებულებს, მისივე თქმით, გუნდი რესტორნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რის გამოც შენარჩუნდა არსებული თანამშრომლების ძირითადი ბირთვი, პარალელურად კი მიმდინარეობს ახალი კადრების დამატება: „ჩვენთვის გუნდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზევე შევინარჩუნეთ არსებული გუნდის ძირითადი ბირთვი – ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს „ლემარეს“ ატმოსფერო და სერვისის ხარისხი“, – ამბობს იგი.

ახალი მფლობელების განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი „ლემარეს“ არსებული ფორმატის გაძლიერება და კონცეფციის სრულყოფაა, ხოლო გაფართოების შესაძლებლობა მომავალში, სტაბილური ოპერირების შემდეგ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები