გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი, Epic Games-ი დათანხმდა შტატების ვაჭრობის ფედერალურ კომისიას, $245 მილიონი დოლარი დაუბრუნოს Fortnite-ის იმ მოთამაშეებს, რომლებსაც მანიპულაციის გზით ფული თამაშის აქსესუარებზე დაახარჯინა. როგორც კომისიამ განაცხადა, კომპანიამ მოტყუებითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით გეიმერებს, მათ შორის მცირეწლოვნებსაც კი, სხვადასხვა გზით, შეაძენინა პროდუქტები, ჩეკის გაუქმებისა და თანხის უკან დაბრუნების გზები კი განზრახ გაურთულა.
მოთამაშეები, რომლებსაც სურთ ფულის დაბრუნება, უნდა ეწვიონ FTC-ის ოფიციალურ საიტს. მათ თანხის დაბრუნებისთვის განკუთვნილ გვერდზე განაცხადი 9 ივლისამდე უნდა შეიტანონ. იმ ადამიანების ჩამონათვალში, რომელთაც ფულის მიღების უფლება ექნებათ, შედიან გეიმერები, რომელთა ანგარიშებიდანაც თანხები მათი ნების საწინააღმდეგოდ, აქსესუარების სანაცვლოდ ჩამოიჭრა. აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევა 2017-2022 წლების შუალედში უნდა იყოს დაფიქსირებული. ფულის დაბრუნებას ასევე შეძლებენ მშობლები, რომელთა არასრულწლოვანმა შვილებმაც უნებართვოდ გამოიყენეს მათი ბარათები და ასე შეიძინეს აქსესუარები. ამ შემთხვევაში საუბარია 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდზე. განაცხადის შეტანის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული Fortnite-ის ანგარიშის დასახელება, ან ჩეკი, რომელიც ადასტურებს შეძენას.
თანხის დაბრუნება ჩეკის გამოწერით ან PayPal-ის ანგარიშზე ფულის ჩარიცხვით მოხდება. ჩეკი უნდა განაღდდეს 90 დღის განმავლობაში, ხოლო PayPal-ზე თანხის მიღება კი მომხმარებელმა 30 დღის ვადაში უნდა დაადასტუროს. საშუალოდ, თითო დაზარალებული $114 დოლარს მიიღებს, თუმცა ზუსტი ოდენობა მაინც დამოკიდებულია განმცხადებლის მოთხოვნაზე.
თავის მხრივ, ვაჭრობის ფედერალური კომისია დაზარალებულებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საეჭვო გვერდებზე შესვლისა და ინფორმაციის გაცემისაგან, რადგან მსგავსი მასშტაბის განცხადების გაჟღერება თაღლითობის რისკებს ზრდის. სააგენტო განმცხადებლებას არ მოსთხოვს თანხის ჩარიცხვას ან პერსონალური მონაცემების მითითებას. დაინტერესებულმა პირებმა მხოლოდ FTC-ს ოფიციალური გვერდით უნდა ისარგებლონ და ყველა საეჭვო საიტის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდონ.




























