მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fortune Jack: “არასტაბილური გარემოს გამო ინვესტიციის მოზიდვა გვიჭირს”

6054d969d4d8b
მარიამ ადამია
20.03.21 10:15
887
"ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა - როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და პოლიტიკური - ქმნის ხარვეზებს, თუნდაც ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პროექტების განხორციელების კუთხით. ანუ ინვესტორები თანამშრომლობისგან თავს იკავებენ და ეს განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოაშკარავდა“, - ამის შესახებ Fortune Jack-ის დირექტორმა და Forbes Georgia-ის 30-წლამდელთა სიის წევრმა ბორის კიკნაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„თუ აქამდე საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ხელსაყრელი ადგილი იყო, დღეს, პანდემიის ფონზე, ინვესტორები სტაბილურობის მოლოდინში მოვლენების განვითარებას აკვირდებიან. გარდა ამისა, აქამდე ქვეყნის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი იყო ადამიანური რესურსები და ის პირები, რომლებიც გარემოს ქმნიდნენ. მსგავსი კადრების პოვნა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით ძვირია, თუმცა დღეს ჩვენ კადრების გადინების პრობლემის წინაშე ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, IT-კომპანიებს დამატებითი შეზღუდვები მოეხსნას და ნაკლები საშემოსავლო გადასახადი დაეკისროს.

მისივე თქმით, არ შეიძლება დიდი რეგულაციები შეეხოს როგორც მცირე ბიზნესს, ასევე მსხვილს. მაგალითად, შრომის აღწერისა და თანამშრომლების აღრიცხვის ფორმა არ შეიძლება, თანაბრად შეეხოს ხუთკაციან სტარტაპს და 7-ათასიან კომპანიას.

„მსგავსი რეგულაციები, შეზღუდვები და არასტაბილურობა ხელს უშლის მთლიანად გარემოს და ქვეყნის განვითარებას. დღეს კი ჩვენი მიზანია ინტელექტუალური რესურსის შენარჩუნება, რაც საჭიროა სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შექმნა-განვითარებისთვის“, - აღნიშნა ბორის კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის, Fortune Jack - ეს არის ვიდეოთამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელსაც სერვისები საერთაშორისო ბაზარზე გააქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები