ორ კვირაში ქვეყნის მასშტაბით ახალი საკურიერო სერვისის კომპანია "ფოსტით" ოპერირებას იწყებს. კომპანიის კონკურენტული უპირატესობისა და სამომავლო გეგმების შესახებ “ფოსტით”-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ხორხომელიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
“გვინდოდა მომხმარებლისთვის არაკლასიკური საკურიერო მომსახურება შეგვეთავაზებინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ პროდუქტის გადაადგილებაში, არამედ ლოგისტიკის ათვისებაშიც ვიქნებით ჩართულები. გვექნება როგორც საკურიერო მომსახურება, ასევე სასაწყობე ფართები, განსაკუთრებით დამწყები და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც საწყისს პროცესებში არიან”, - აღნიშნა დავით ხორხომელიძემ.
ამასთან, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის განსაკუთრებული ყურადღება სტარტაპებს დაეთმობა, ისინი მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს თავისი საქმიანობის და ინიციატივის წახალისებისთვის.
“ამ საკურიერო მომსახურებას ნებისმიერ პირს გავუწევთ, თუმცა ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სტარტაპები და სჭირდებათ მეტი თანადგომა, სტარტაპებისთვის გავაკეთებთ სპეციალურ შეთავაზებებს, რათა მათი საქმიანობა და ინიციატივა იყოს წახალისებული”, - დასძინა მან.
დავით ხორხომელიძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ინტერესებში საქართველოს სრული დაფარვა შედის.
“ჩვენ საკვებისა და სამშენებლო მასალების საკურიერო მომსახურება სრულიად გამიჯნული გვაქვს, ამასთან, არსებობს ავეჯის გადაზიდვისთვის საკურიერო მომსახურება, რაც ჯერჯერობით განვითარების ეტაპად რჩება და რომელზედაც სამომავლოდ, ალბათ გადავალთ. ჩვენ განვითარების პროცესში ვართ, რაც ძალიან კარგად გვაქვს შესწავლილი, გვინდა დავფაროთ საქართველოს სრული მასშტაბი, ეს არის ჩვენი განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებით”, - განმარტა ხორხომელიძემ.
ინფორმაციისთვის: 5 ავტომობილი და მათ შორის ორ-საბარგულიანი უნივერსალური ავტომობილით მთელი ქვეყნის მასშტაბით საკურიერო სერვისის საკვების და სამშენებლო მასალების მიწოდებისათვის ხელმისაწვდომი ორ კვირაში გახდება, მომხმარებელს კომპანიით სარგებლობა სხვადასხვა სოციალური არხებისა და “ფოსტით” ვებგვერდის გამოყენებით შეეძლება. ამჟამად კომპანია 5 ადამიანს ასაქმებს.