ის, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ანაკლიის პროექტთან არის დაკავშირებული, მგონია, რომ დიდი შეცდომაა და უპასუხიმსგებლობაა ჩვენი მოქალაქეების მიმართ,- ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს უსმენენ.
გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ფოთში ღრმაწყლოვან საზღვაო ნავსადგურთან დაკავშირებულ მოვლენებს, როდესაც კომპანია “ეი პი ემ ტერმინალსს” ჯერ მიეცა მიწით სარგებლობით წინასწარი ნებართვა, რათა ადგილზე ღრმაწყლოვანი ნავსადგური აეშენებინა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით ჩამოერთვა.
გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ანაკლიის პორტის პრიორიტეტულობა, თუმცა, ამ პროექტის გამო სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უარი არ უნდა ვთქვათ.
“როგორც ვხედავ, ერთი მხრივ ღია კარის მტვრევას აქვს ადგილი, რომ სახელმწიფომ აღიაროს ანაკლიის პორტის პრიორიტეტულობა და საკმარისად მტკიცედ განაცხადოს...დაფიცებით, სიტყვის დათქმით, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომ სხვა არაფერი(სხვა პროექტი) არ იქნება, ვიდრე ეს არ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ამის წინააღდმეგი ვარ. თუ არ კეთდება და მე ვატყობ, რომ არ კეთდება (ანაკლიის პროექტი) და სახელმწიფო ვარ, რაღაც უნდა ვიმოქმედო არა?!
მესმის, რომ სპეციფიური პირობების გამო ანაკლიას გარკვეული პრიორიტეტი მივანიჭეთ, მაგრამ ამის პარალელურად რატომ უნდა იყოს შეზღუდული საკითხი და აპრიპორი ყველას მიერ ხელაღებით უარყოფილი ყველა სხვა შესაძლებლობა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა?
ფოთი საქართველოა ხომ? ფოთელები ქართველები ხომ არიან?
თუ ეს შესაძლებელია და ეს ამ ქალაქის განვითარებას, ამ მოსახლეობის დასაქმებას და შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს, რატომ არ უნდა გახდეს ეს განხილვის საგანი?
ნიკო ნიკოლაძის მთავარი იდეა იყო ფოთში პორტი, ფოთელებისთვის კი ქალაქის მერის ნათქვამი, რომ ადგილზე ახალი ნავსადგური აშენდება იყო პერესპექტივის მაჩვენებლი, ახლა ყველა ერთხმად ვლაპარაკობთ, რომ ეს არ მოხდება. რატომ არ უნდა მოხდეს? თუ ეს ანაკლიის პორტის პრიორიტეტს არ უშლის ხელს, შევისწავლოთ ეს საკითხი”,- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

























