სს ფოთის აეროპორტის მიმართ, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა. სს „ფოთის აეროპორტის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა გაეგზავნოს.
სს "ფოთის აეროპორტის" სახელზე 7 დასახელების სატრანსპორტო საშუალება და 7 დასახელების მოძრავი ქონება ირიცხებოდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ამ ქონების შეფასება. ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 23050 ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, სადაც ქონებას გაიყიდა ერთიანი კომპლექსის სახით, ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ შეადგინა 17518 ლარი. აქედან 18%, რაც შეადგენს 2672,24 ლარს, გადარიცხულ იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილმა თანხამ შეადგინა 14 845,76 ლარი.
სს ფოთის აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში გასული წლის ბოლოს გადავიდა, მანამდე კი მისი მფლობელი „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი“ იყო, რომელთანაც „ფოთის აეროპორტის“ 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა. სამაგიეროდ „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ გათავისუფლდება 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
შპს „რას ალ ხაიმა" "რაკია ჯორჯიას" მფლობელი კომპანიაა, რომლის მფლობელობაში იყო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, რომელიც ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში აეროპორტის აშენებას წინა ხელისუფლება გეგმავდა. 2012 წელს მთავრბამ პროექტი გაუმართლებლად შეაფასა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ფოთის ნაცვლად ანაკლიაში დაანონსდა.
ფოთის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად 2011 წელს გაიხსნა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ აეროპორტი საქართველოში ყველაზე თანამედროვე იქნებოდა.

























