მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის ახალ გენგეგმას ₾2,3 მილიონად "სითი სტუდია 9" მოამზადებს

ფოთი

ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმას ამხანაგობა „სითი სტუდია 9“ 2,3 მლნ ლარად მოამზადებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. როგორც ფოთის მერია იტყობინება, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხაიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რაც გულისხმობს ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმის, ასევე მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიას და განახლებას.

თუმცა ჯამში, დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან შეადგენს - 540 კალენდარულ დღეს.

"ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი ფოთს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოს ქალაქის დაინტერესება როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალის მიმართულებით", - აცხადებენ ფოთის მერიაში.

პროექტს მერია დააფინანსებს 2024-2026 წლების ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

რაც შეეხება ამხანაგობა „სითი სტუდია 9“-ს, მასში გაერთიანებულია არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ და ა(ა)იპ "სითი ინსტიტუტი საქართველო", რომელსაც არაერთი ქალაქის გენგეგმაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ხოლო "სტუდია 9" საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საქმიანობს. კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები