ყაზახური PTC Holding ფოთის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს. პროექტის განხორციელებისთვის პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივი საწარმო Poti Transterminal-ი შეიქმნა, სადაც ქართულ მხარესა და PTC Holding-ს თანაბარი 50%-იანი წილები აქვთ.
როგორც Poti Trasterminal-ის თანადამფუძნებელმა, მამუკა მერკვილაძემ BMG-თან განაცხადა, ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის ექსპლუატაციაში 2024 წლის ოქტომბერში შევა. პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 15 მილიონი დოლარი იქნება, საიდანაც ნახევარს ქართული, ნახევარს კი ყაზახური მხარე დაფარავს.
„ტერმინალი 9 ჰექტარ ფართობზე განლაგდება და მასში განვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ერთდროულად 120 ვაგონამდე ტვირთს გადაამუშავებს. ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 450 000 TEU ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. პროექტის პირველი ფაზა საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას მოიცავს, ასევე ვაპირებთ ავაშენოთ A კლასის საწყობი, რომლის ინვესტიციაც 4 მილიონი დოლარი იქნება. ჯამურად პროექტში განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მილიონ დოლარს გაუტოლდება“, - აცხადებს მამუკა მერკვილაძე.
Poti Transterminal-ის თანადამფუძნებლის თქმით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი თავდაპირველად საკონტეინერო, მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - მშრალ ტვირთებს მოემსახურება.
მამუკა მერკვილაძე ასევე აღნიშნავს, რომ ტერმინალი APM-თან, Pace-თან და ასევე სხვა საკონტეინერო ჯგუფებთან აქტიურად ითანამშრომლებს.
„თანამშრომლობაში შეზღუდვა არავისთან გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა ყველასთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ მეტი ტვირთის გატარება“, - განმარტავს მერკვილაძე.
რაც შეეხება პროექტში ჩართულ ყაზახურ კომპანიას, Poti Transterminal-ის დამფუძნებლის თქმით, ის 25-წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგია, რომელიც ყაზახური და უზბეკური ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მიიჩნევა.
„PTC Holding-ს თავისი სავაგონო პარკი აქვს. ის ასევე აკონტროლებს ტერმინალებს როგორც ყაზახეთში, ასევე ჩინეთის საზღვართან და აქტაუს საზღვაო პორტში. გარდა ამისა, ახლა ტაშკენტში დიდ სატერმინალო და ლოგისტიკურ ჰაბს აშენებენ“, - ამბობს Poti Transterminal-ის დამფუძნებელი, მამუკა მერკვილაძე.
მამუკა მერკვილაძე ასევე აღნიშნავს, რომ Poti Transterminal-ი ფოთში სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებას მომავალშიც გეგმავს და ამისთვის მოლაპარაკებები როგორც უზბეკურ კომპანიებთან, ასევე თურქ პარტნიორებთან მიმდინარეობს.
ფოთში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება თბილისში PTC Holding-სა და ქართველ პარტნიორებს შორის 2 ივნისს შედგა. 11 აგვისტოს კი, ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრი მარატ კარაბაევი ესწრებოდნენ.