მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გემებს მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს - Pace Group

632ec6f2a03c6
მარიამ ვარადაშვილი
24.09.22 12:40
3701

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გემების მიღებას მაქსიმუმ ორ კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Pace Group-ში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ნავსადგური Panamax-ის ტიპის გემების მიღებასაც შეძლებს, რასაც აქამდე საქართველოში ვერცერთი პორტი ვერ იღებდა.

“ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმართ შუა აზიიდან ინტერესი გაზრდილია და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავხსენით „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელიც გემების მიღებას მაქსიმუმ ორ კვირაში შეძლებს. ეს ნიშნავს უფრო მეტ გატარებულ ტვირთს ჩვენს რეგიონში.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 50 000-ტონიანი გემები. ნავმისადგომი არის 260 მეტრი სიგრძის და 13 მეტრი სიღრმის. ამასთან, ჩვენი მოლოდინით, მხოლოდ ეს ერთი ნავმისადგომი შეძლებს, რომ გადამუშავებული ტვირთი 2 მლნ ტონით გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, თუ Pace Group-ი წლიურად საშუალოდ 6 მლნ ტონა ტვირთს ამუშავებდა, ახალი ნავმისადგომის პირობებში ეს 8-9 მლნ ტონამდე გაიზრდება”, - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

ამას გარდა, Pace Group-ში შემავალი კომპანიის CEO ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც საუბრობს.

“ტვირთის მფლობელების განწყობა შეიცვალა და თუ აქამდე მათი ორიენტაცია რუსულ ბაზარზე იყო და ვოლგა-დონის არხით ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდება, დღეს ცდილობენ, თავადაც ევროპულ ბაზარზე გადაერთონ, რაც მათთვისაც უფრო სტაბილური და გრძელვადიანია. როგორც კი მათი ინტერესი იცვლება, იზრდება ჩვენი კორიდორის მნიშვნელობა. ფიზიკურად შეუძლებელია სხვა კორიდორით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ტვირთების ნაწილში კვლავ ცენტრალური აზია აქტიურობს, თუმცა გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნის ინტერესი ტვირთის შესყიდვის მიმართულებით. ამ კომპონენტშიც ვმუშაობთ, რომ მყიდველი და გამყიდველი დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ეს გრძელვადიან პერიოდში ჩვენი კორიდორის მეტ დატვირთვას უზრუნველყოფს”, - ამბობს ვასილ მაზიაშვილი.



ცნობისთვის: ფოთში ახალი ნავსადგური PACE GROUP-ის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები