დანიურმა კონგლომერატმა A.P. Moeller- Maersk A/S-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით წმინდა მოგების შემცირების შესახებ განაცხადა. რაც კომპანიამ ნავთობზე ფასებისა და გადაზიდვების ტარიფების შემცირებას დაუკავშირა.
კომპანიის შემოსავლები ყველა ბიზნეს ერთეულში შემცირდა. „მაერსკის „ წმინდა მოგება 1,07 მილიარდი დოლარიდან 101 მილიონამდე დაეცა, ბრუნვა 16%-ით 8,86 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. მანამდე გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, „მაერსკის" წმინდა მოგება მეორე კვარტალში 188 მილიონ დოლარზე უნდა დაფიქსირებულიყო , ბრუნვა კი 9,07 მილიარდ დოლარზე. კონგლომერატის შემადგენლობაში მყოფმა Maersk Line-მა, რომელიც საკონტეინერო ტერმინალების ყველაზე მსხვილი ოპერატორია მსოფლიოში, 139 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო მაშინ, როდესაც გასულ წელს მოგება 499 მილიონი იყო.
სანავთობო განყოფილება Maersk Oil-ი 130 მილიონი დოლარის მოგებაზე გავიდა , გასული წლის მაჩვენებელი 217 მილიონი იყო. „მაერსკში" აცხადებენ, რომ საშუალოდ გადაზიდვების ფასები 24%-ით ნაკლები იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობის ფასებიც 26%- ით შემცირდა.
დანიური კონგლომერატის „მაერსკის" შვილობილი „ეიპიემ ტერმინალსი" საქართველოში ფოთის პორტს ფლობს. „კომერსანტი" დაინტერესდა, როგორი ფინანსური მაჩვენებლებია ფოთის პორტში იმ ფონზე როდესაც „მაერსკში" მოგების შემცირებაზე საუბრობენ. როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლოურსენი ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში განმარტავს, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში" ტვირთბრუნვის მოცულობის 24,56%–იანი კლება დაფიქსირდა - 2015 წელს გადამუშავებული 202, 309 TEU კონტეინერიდან ტვირთბრუნვა 2016 წელს 152, 616 TEU კონტეინერამდე შემცირდა. ამდენივე პროცენტით შემცირდა მშრალი და თხევადი ტვირთების მოცულობაც. მისივე განმარტებით, ეს შემცირება გამოწვეულია აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე არსებული არახელსაყრელი პირობებით-აღნიშნულ ქვეყნებში ფიქსირდება ნეგატიური ეკონომიკური ზრდა, რაც განპირობებული სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის ნავთობზე დაბალი ფასით. ლოურენსი ფიქრობს, რომ ამ ციფრების პერსპექტივაში გათვალისწინებით, თუ პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდა, ფოთში 2016 წლის ტვირთბრუნვის მოცულობა 2012 წლის ტვირთბრუნვის მოცულობას გაუტოლდება.
„ეიპიემ ტერმინალსმა" ფოთის პორტის აქციები არაბული „რაკიასგან„ 2011 წელს იყიდა.
კომერსანტი

























