მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფოთის პორტის მოგებამ 2017 წელს 55.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2016-ში - 73.8 მლნ

5c20d483f3c58
BM.GE
24.12.18 19:00
1142

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი საზღვაო გადაზიდვების გიგანტის - Maersk-ის შვილობილი APM Terminals-ია. ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ გასული წლების განმავლობაში პორტის შესაძლებლობების განვითარებისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა და დღეს საქართველოში ნიდერლანდების ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას წარმოადგენს.

APM -ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტმა გასულ წელს 139 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.9%-ით მეტია.

“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” მთლიანი მოგება 2017 წელს 55.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2016 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლები იყო.

2017 წელს “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” კომპანიის მეწილეთა მიმართ 84 მილიონის დივიდენდები გასცა, 2016 წელს კი - 42 მილიონის.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტის აქტივების ღირებულება 356 მილიონ ლარს შეადგენს.

ფოთის პორტმა საკონტეინერო და სხვა ტიპის გადაზიდვების მეშვეობით 67 მილიონი ლარი გამოიმუშავა, სააზღვაო სერვისების მიწოდებით - 38 მილიონი ლარი, იჯარის შემოსავალი კი, 16 მილიონი ლარი იყო. კომპანიის წამყვან ხარჯებს შორისაა ცვეთა, რამაც 2017 წელს 22 მილიონი ლარი შეადგინა, თანამშრომელთა ანაზღაურება 10 მილიონი იყო.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულია 15 ნავმისადგომი, სადაც კომპანია ეწევა გემების, ტვირთებისა და საკონტეინერო გადამუშავების, სადისპეტჩერო ოპერაციების, დასაწყობების, ნავმისადგომების გაქირავების, სატერმინალო და სხვა მომსახურებებს.

პორტის შემოსავალი საქართველოს სატრანსპორტო კვანძის განვითარებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული. რასაც რამდენიმე ძირითადი მდგენელი აქვს, მათ შორის საქართველოში ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა და რეგიონის ქვეყნებში საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესებაა.

2018 წლის 10 თვის განმავლობაში პორტმა 5.1 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წელს არსებულ 5.6 მლნ ტონასთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. ტვირთის წონის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. 2018 წლის 10 თვეში პორტმა 296,320 TEU ერთეული კონტეინერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ფოთის პორტმა იურიდიული სტატუსი 1999 წელს მოიპოვა. მაშინ პორტი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო და სსიპ-ს წარმოადგენდა. 2004 წელს ის სახელმწიფოს კუთვნილი შპს გახდა. 2008 წლის 3 აპრილს პორტმა სტატუსი კიდევ ერთხელ შეიცვალა და სააქციო საზოგადოება გახდა.

2008 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კომპანიის აქციების 51% გასხვისდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს (“რაკია”) სასარგებლოდ. 2009 წლის 6 ნოემბერს “რაკია” გახდა სს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” 100% აქციების მფლობელი. 2011 წლის 2 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, “რაკიას” და APM-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების გასხვისებისა და “რაკიას” უფლებებისა და ვალდებულებების APMTBV-ისთვის გადაცემის შესახებ.

2011 წლის 2 აპრილს “რაკიამ” და APM-მა ხელი მოაწერეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების 80%-ის შეძენასთან დაკავშირებით
“რაკიას” საკუთრებაში დარჩენილი 20%-ის ნასყიდობის ოფციით. 2015 წლის მარტში, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო “რაკიას” და APM-ს შორის, რომლის თანახმად “რაკიას” სააქციო მონაწილოების დარჩენილი 20% გადაეცა APM-ს 1.00 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე დანიური Maersk-ია. დღეის მდგომარეობით, პორტში 888 ადამიანი არის დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები