2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. 2024 წლის 10 თვეში კომპანიის მიერ 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა.
კომპანიის ინფორმაციით, გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. მიმდინარე წლის 10 თვეში ფოთის პორტმა 299 გემი მიიღო, რაც 14%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მიღებული 262 გემი.
გარდა ამისა, 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა გენერალური ტვირთების მოცულობაც. პორტში დამუშავდა 214 095 ტონა, რაც 11%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს (192 865 ტონა).
საბორნე გზით მიღებული ტვირთების რაოდენობა ასევე მომატებულია: 2025 წლის პირველ 10 თვეში ფოთის პორტმა 136 805 ტონა ტვირთი მიიღო, მაშინ როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 124 018 ტონას შეადგენდა.
რაც შეეხება ავტომობილების შემოსვლას, 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით დამუშავდა 16 363 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში 15 962. თუმცა, საერთო ჯამში, დამუშავებული ავტომობილების რაოდენობა მცირედით შემცირებულია: მიმდინარე წელს 63 863 ერთეული, ხოლო გასულ წელს 64 359 ერთეული.




























