მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხის კოტეჯების საწარმო ამოქმედდა, ინვესტიცია - ₾400 000

ხის საწარმო

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხის კოტეჯების საწარმო ამოქმედდა.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, თიზ-ში 400 000 ლარის ინვესტიციით საწარმო ქართულმა კომპანია „ვგ ჰაუსმა“ მოაწყო.

„კომპანიამ იჯარით აიღო თიზ-ის ტერიტორიაზე არსებული საწარმოო ფართი, სადაც ამზადებს იმპორტირებული გამომშრალი ნაძვისა და ფიჭვის მასალისაგან სხვადასხვა პროექტის მიხედვით ასაწყობი სახლის/ხის კოტეჯების კონსტრუქციის დეტალებს“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, კომპანია კოტეჯების რეალიზაციას საქართველოში ახორციელებს, მაგრამ ოქტომბრიდან, მზა პროდუქციის კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში გატანას გეგმავენ.

ამჟამად, საწარმოში 15-მდე ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75%-იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group-სთვის. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, საიდანაც ჯერ 30%-ია ათვისებული. დავით ებრალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის თიზ-ში 120 აქტიური კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები