მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ში $5 მლნ ჩინური ინვესტიციით ავტომანქანების კომპონენტების ქარხანა აშენდება

5e286286c102e
თელარა გელანტია
22.01.20 18:54
3284
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხანა აშენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პრეს-სამსახური ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წარმოება სრულად ორიენტირებულია ექსპორტსა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე.

ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს სდტ ჯორჯია აშენებს. მისი წარმომადგენელი ბიზნესმენი ჯიაკომო ძამატიო ანალოგიური ტიპის ქარხნებს ჩინეთში (ქ. სუჯოუ) და იტალიაში (ქ. მილანი) ფლობს.

ქარხანა შენდება ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში.

„წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქალაქ სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.  ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. ქარხნის მშენებლობას კომპანია „ეკოჰაუსი“ ახორციელებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებისა და საძირკვლის ჩაყრის ღონისძიება დღეს გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები