ფოთში, 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.
ტენდერი "დიზაინ ბილდის" წესით გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება როგორც პროექტის ესკიზის შემუშავებასა და მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებაზე, ასევე მის სამშენებლო პროცესზეც.
"პროექტი უნდა მოიცავდეს ისტორიული და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის ტროტუარების განახლებას გარე განათების და საინჟინრო ქსელების აღდგენას, ტერიტორიაზე მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსებას და გამწვანების სამუშაოების ჩატარებას, ასევე მიმდებარე ქუჩებთან დაკავშირებული კვანძების მოწესრიგებას.
საპროექტო ესკიზებისა და პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტების იერსახის განახლება მათი ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული და კულტურული თავისებურებების, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების შესაბამისად", - ნათქვამია პროექტის აღწერაში.
"პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან დღემდე მიწოდებული უნდა ჰქონდეს: არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად არანაკლებ 20,000,000 ლარის ღირებულების სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოები", - წერია სატენდერო პირობებში.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 8 მაისამდე შეეძლებათ.




























