ფოთში საბაჟო ტერმინალი ,, Poti Storage Solutions“ ამოქმედდა, რომელიც მომხმარებელს ახალ სერვისებს სთავაზობს. როგორც კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ჯამბურიამ Bm.ge-ს განუცხადა, ტერმინალი რეგიონალური დანიშნულებისაა და ის მომხმარებელს ისეთ მომსახურებას გაუწევს, რაც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის საბრუნავი ფულადი სახსრებია, ჩვენი ტერმინალი კი მათ ამ ფულადი სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას აძლევს, რადგან მათ შეუძლიათ პროდუქცია ჩვენს ტერმინალში განუსაზღვრელი დროით დაასაწყობონ და განბაჟებისა და აქციზისა გადასახადი მხოლოდ იმ რაოდენობაზე გადაიხადონ, რა რაოდენობის პროდუქციასაც მიაწვდიან მომხმარებელს. ამავდროულად, საქონლის დასაწყობებიდან პირველი 20 დღის განმავლობაში უფასოდ ვუნახავთ პროდუქციას“ - განაცხადა ვლადიმერ ჯამბურიამ.
როგორც ჯამბურია Bm.ge-სთან საუბრისას განმარტავს, კიდევ ერთი სიახლე, რაც ბიზნესისთვის საინტერესოა, ფულადი თანამონაწილეობაა, რასაც მათ კომპანია ,, Poti Storage Solutions“ სთავაზობთ.
"იმპორტიორებს პარტრნიორობას ვთავაზობთ, ანუ პროექტებს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნება, დავაფინანსებთ, მზად ვართ იმპორტის ღირებულების 70% დავფაროთ“ - განმარტავს ვლადიმერ ჯამბურია.
კომპანია მომხმარებელს აგრეთვე სთავაზობს კონტეინერების მიღებას საბაჟო ტერმინალში, მის დაცლას და დასაწყობებას საწყობში. ამასთანავე, მათ საშუალება ექნებათ ამ პროცესს ონლაინ რეჟიმში დააკვირდენენ და აკონტროლონ, სურვილის შემთხვევაში, კი მითითებული პროდუქციას დანიშნულების ადგილამდეც მიუტანენ.
" მომხმარებელს ეს საშუალებას აძლევს, რომ აღარ გახსნას თბილისში საწყობი, რადგან ის სასურველ პროდუქციას 24 საათის განმავლობაში მიიღებს, ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ. ის ამით ლოჯისტიკურ და სხვა ფიქსირებულ ხარჯებს აცდება. ბიზნესმენს შეუძლია ეს ყველაფერი მარტივად, მობილურით მართოს, რაც ერთგვარი დროის ეკონომიაცაა“ - განაცხადა ვლადიმერ ჯამბურიამ.
ტერმინალი ყველა სახის ტვირთების მომსახურებაზეა გათვლილი, გარდა თხევადი საწვავისა. ძირითადად კი ჩინეთიდან მომავალ ტვირთებზე აკეთებენ გათვლას.

























