ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში, მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა. კონკურსში შპს ,,ურბანიკამ" გაიმარჯვა.
პროექტში მალთაყვის სპორტული და ტურისტული მიმართულებებით განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებია გაწერილი, ასევე გათვალისწინებულია ტყე-პარკის რეაბილიტაცია, აგრო-ჰაბისა და აგრო-პარკის მოწყობა კოლიმბარის კუნძულზე, სხვადასხვა ტიპის სასტუმრო კომპლექსების განვითარება და ზღვისპირა ზონის ათვისება.
დისკუსიის შემდეგ დოკუმენტი დადებითად შეფასდა და დაისახა პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები.