მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fox News-ის ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი Twitter-ზე ახალ გადაცემას დაიწყებს

646342c71d35d
გიორგი არონია
17.05.23 01:00
738
ამერიკული სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი, ტაკერ კარლსონი, რომელიც Fox News-მა სამსახურიდან გაათავისუფლა, ახალ გადაცემას Twitter-ზე დაიწყებს, - ამის შესახებ ტაკერ კარლსონმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. მისივე თქმით, სატელევიზიო სივრცეში ამბების თხრობაზე გარკვეული ლიმიტები არის დაწესებული, ხოლო Twitter-ი ერთადერთი დიდი პლატფორმაა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას აღიარებს.

პარალელურად ამისა, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ტაკერ კარლსონის ადვოკატმა, ბრაიან ფრიდმენმა, რომლის თქმით, კონტრაქტი, რომელიც ტელეწამყვანსა და Fox News-ს შორის 2025 წლამდე მოქმედებს, ტაკერ კარლსონს სხვა ტელეარხებზე გადაცემის დაწყებას უკრძალავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაკერ კარლსონის ადვოკატის ეს პათოსი Fox News-ის მიმართ გაფრთხილებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტაკერ კარლსონი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ტელეწამყვანია, რომელიც ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში Fox News-ში მუშაობდა, სადაც, Fორბეს-ის დათვლებით, წელიწადში $15-20 მილიონს გამოიმუშავებდა. ამასთან, ბოლო წლებში, ტაკერ კარლსონი არაერთი კონსპირაციული თეორიის გავრცელებაში იყო მხილებული, როგორც პანდემიასთან, ასევე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ტაკერ კარლსონის მიერ Twitter-ზე ახალი გადაცემის დაწყებას გამოეხმაურა კომპანიის მფლობელი ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის კონტრაქტი არ არსებობს, მაგრამ ტაკერ კარლსონი შეძლებს მისი კონტენტის მონეტიზაცია ისევე მოახდინოს, როგორც სოციალური ქსელის ნებისმიერი სხვა მომხმარებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები