მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ველოდებით - ასოციაცია

ხორბალი

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფქვილის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზარზე დიდი წილი აღურიცხავ წისქვილკომბინატებს უჭირავთ. აქედან გამომდინარე, სექტორში ლეგალურად მომუშავე კომპანიები ფქვილის სავალდებულო მარკირების შემოღებას ითხოვენ. ლევან სილაგავას თქმით, მარკირების ხარჯი იმდენად მცირეა, რომ პურის ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

“განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხორბლის მოსავალი დაახლოებით 200 000 ტონის ფარგლებშია, საიდანაც 100 000 არის სასურსათო. ჩვენი ასოციაციის წევრებს კი მხოლოდ 30-35 ათასი ტონა ხორბალი აქვთ მიღებული, დანარჩენი გარკვეულწილად აღრიცხვაში თითქოს არ ხვდება. გასაგებია, რომ ის ბრუნვაში არის, რაც ბაზარზე არათანაბარ კონკურენციას იწვევს.

მარკირების შემოღებამ ძალიან კარგად მოაწესრიგა მაგალითად, არაალკოჰოლური [სასმელების] ბაზარი. ამ შემთხვევაში მარკირება ნიშნავს იმას, რომ ყოველ ტომარა ფქვილს გარკვეული მარკა დაეკრობა, შესაბამისად, თვითონ მაკონტროლებლისთვის და მომხმარებლისთვის ადვილია იმის ნახვა, რომ ეს ნამდვილად [ლეგალურ წისქვილკომბინატებშია] გამოშვებული და ასევე კომპანიები ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან.

ჩვენ ეს ინიციატივა წარდგენილი გვაქვს სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფაქტობრივად გავლილი გვაქვს საკითხი და ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ველოდებით. ერთადერთი კითხვა, რაც დაისვა, იყო ის, მარკირება პურის ფასს ხომ არ გაზრდის. თუმცა ჩვენი პასუხი ისაა, რომ მარკა დაახლოებით 3 თეთრი ჯდება, რაც 47 ლარიან ერთ ტომარა ფქვილზე არაფერია ფასთან მიმართებაში. შესაბამისად ვფიქრობ, ეს წაადგება როგორც ბიუჯეტს, ისე მოაწესრიგებს ბაზარს და სწორ კონკურენციას გააძლიერებს”, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები