მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, საქართველოს სარაგბო ნაკრებს პიერ-ჰენრი ბრონკანი უხელმძღვანელებს

პიერ-ჰენრი ბრონკანი

ცნობილი სარაგბო პორტალის, Rugby Scope-ის ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ჰენრი ბრონკანი უხელმძღვანელებს. 51 წლის მწვრთნელი “ბორჯღალოსნებს“ სათავეში 2026 წლის ივნისიდან ჩაუდგება და წინასწარი კონტრაქტით, ჩვენს გუნდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

სააგენტო ამტკიცებს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება რამდენიმეკვირიანი განხილვისა და საკმაოდ რთული შერჩევის პროცესის შემდეგ მიიღო. ბრონკანის კანდიდატურამ ორგანიზაცია დაარწმუნა, რომ მას შეუძლია გაამყაროს გუნდის ძირითადი სათამაშო კომპონენტები და ამავდროულად, ხელი შეუწყოს ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო ასპარეზზე.

აღსანიშნავია, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ვინაიდან კანდიდატებს შორის განიხილებოდნენ ევროპული რაგბის ისეთი ცნობილი სპეციალისტები, როგორებიც არიან ფრანკ აზემა და უორენ გატლანდი.

ბრონკანისთვის, რომელიც აქამდე ძირითადად ფრანგულ კლუბებში მოღვაწეობდა, საერთაშორისო დონეზე ახალი გამოწვევაა. ფრანგ სპეციალისტს ნაკრები აქამდე არასდროს გაუწვრთნია, თუმცა, 2023 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ბრონკანის სამწვრთნელო შტაბში ასევე იქნება იტალიელი სპეციალისტი მარკო ბორტოლამი, რომელიც სავარაუდოდ ივნისამდე საქართველოს დროებითი მთავარი მწვრთნელი იქნება. ის ყოფილი მეორე ხაზელია, რომელიც ბოლოს “სეილ შარქსში“ მუშაობდა, ხოლო ბრონკანის მოსვლის შემდეგ “ბორჯღალოსნების” შერკინების მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნული გუნდისთვის ახალ მწვრთნელს მას შემდეგ ეძებს, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში ინგლისელ რიჩარდ ქოქრილთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. “ბორჯღალოსნების” ახალი თავკაცისთვის მთავარი გამოწვევა მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა იქნება. 2027 წელს ტურნირი ავსტრალიაში შედგება, ჩვენი ნაკრები კი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან მოხვდა, მთავარ მიზანს პლეი-ოფში გასვლა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები