ფრანგული საწარმოების დელეგაციამ, რომელიც საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების (MEDEF)-ის ხელმძღვანელობით სამხრეთ კავკასიაში იმყოფებოდა, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრები გამართა. ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 20 სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები საფინანსო, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კონსალტინგისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.
BMG გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოსა და საფრანგეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ:
ვაჭრობა
საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. მაჩვენებელმა გასულ წელს რეკორდულ 388.8 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იანი ზრდა იყო. 2026 წლის იანვარში ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 17 მლნ დოლარი შეადგინა (იმპორტი 15.1 მლნ დოლარი, ექსპორტი 1.9 მლნ დოლარი).
სავაჭრო ურთიერთობაში უდიდესი წილი იმპორტზე მოდის. 2025 წელს საფრანგეთიდან იმპორტმა 338.4 მლნ დოლარი, ექსპორტმა კი მხოლოდ 50.3 მლნ დოლარი შეადგინა.
2025 წლის მონაცემებით, TOP 5 საიმპორტო პროდუქტი ასეთია:
- ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - $42.6 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $37.2 მლნ;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $25 მლნ;
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - $20 მლნ;
- შაქარი - $17.2 მლნ.
რაც შეეხება ექსპორტს, TOP 5 პროდუქტი შემდეგია:
- თხილი და სხვა კაკალი - $11.4 მლნ;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $6.9 მლნ;
- ელექტრული წყალგამახურებლები - $6.8 მლნ;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $6.6 მლნ;
- ფეროშენადნობები - $5 მლნ.
ინვესტიციები
საფრანგეთიდან საქართველოში FDI-ის შემოსვლა 2001 წლიდან დაიწყო. ყველაზე მეტი, 37.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა. 2022-2024 წლებში მაჩვენებელი 10-12 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. 2025 წლის 9 თვეში საფრანგეთიდან 4.1 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წლის ჭრილში თითქმის 2%-იანი კლებაა.
ტურიზმი
საფრანგეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 2025 წელს რეკორდული 33 219 იყო, რაც აღემატებოდა 2024 წლის 28 302 ვიზიტს. მაჩვენებელი 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია.

ფულადი გზავნილები
2025 წელს საფრანგეთიდან რეკორდული 69.9 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აღემატებოდა 2024 წლის 59.8 მლნ დოლარს. 2026 წლის იანვარში კი 5.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა.


























