ფრანგულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral-მა დაფინანსების მორიგ რაუნდში €3 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც სტარტაპის შეფასებამ €21 მილიარდს ($24 მლრდ.) მიაღწია. როგორც ირკვევა, ევროპულ კერძო ტექნოლოგიურ კომპანიაში რეკორდული მოცულობის ინვესტიცია მეტწილად არსებულმა აქციონერმა, PSG Equity-მ ჩადო.
მასთან ერთად რაუნდში მონაწილეობა, ახალი ინვესტორის სტატუსით, სამხრეთ კორეულმა Samsung Electronics-მა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ფონდმა, Scaleup Europe Fund-მა მიიღეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი კაპიტალის მოზიდვის ფონზე Mistral-ი ევროპის მეორე ყველაზე ძვირად შეფასებულ კერძო ტექნოლოგიურ ჯგუფად და რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად იქცა. როგორც სააგენტო Reuters-ს ფინანსურმა დირექტორმა, იოჰან ბერგკვისტმა განუცხადა, მიღებულ რესურსს სტარტაპი საკუთარი მოდელების გასაძლიერებლად და მოწინავე კვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებს. როგორც ირკვევა, ფრანგული კომპანია მიზნად მსხვილ მეტოქეებთან კონკურენციის გაწევას ისახავს. იოჰან ბერგკვისტის განმარტებით, Mistral-ი მიმდინარე წლის ბოლოსთვის შემოსავლის სახით $1 მილიარდის მიღებას გეგმავს.
საყურადღებოა, რომ ევროპული სტარტაპი ამერიკელ კონკურენტებთან შედარებით მასშტაბით საგრძნობლად მცირე ზომისაა. შედარებისთვის, აშშ-ის ბაზარზე მომუშავე Anthropic-ის შეფასება თითქმის 40-ჯერ აღემატება Mistral-ის მაჩვენებელს და $965 მილიარდს უტოლდება. ამავე სექტორის კიდევ ერთი ლიდერის, OpenAI-ის ღირებულება კი $852 მილიარდად ფასდება.
დასახელებული ორივე ამერიკული კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას მიმდინარე წელს გეგმავს. რაც შეეხება Mistral-ს, ევროპული კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების საკითხზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. იოჰან ბერგკვისტის განცხადებით, ბირჟაზე გასვლა სამომავლო შესაძლებლობად განიხილება, თუმცა კონკრეტული ვადები ამ დრომდე არ არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, პარიზში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral-ი ბაზარზე სულ რაღაც სამი წელია ოპერირებს. ის ევროპული ტექნოლოგიური სექტორის მთავარ იმედად მიიჩნევა.




























