მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველოს ახლად დაარსებული წიგნის ასოციაცია წარადგენს

ფრანქპურტი

15-19 ოქტომბერს ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახლად ჩამოყალიბებული წიგნის ასოციაციის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. 2025 წლის თებერვალში დაფუძნებული საქართველოს წიგნის ასოციაცია 22 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, როგორც დიდ და მცირე გამომცემლობებს, ასევე წიგნის მაღაზიებს.

ასოციაციის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა მხოლოდ პროფესიული აქტივობის ნაწილი არ არის და ის მნიშვნელოვან სოციალურ კონტექსტსაც ატარებს.

„ტრადიციულად, პროტესტის წინა ხაზზე მდგომი ქართველი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობის შეუპოვარ ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. სტენდის თემატიკაც — ‘Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom’ — საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია“, — ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს კოლექტიურ სტენდზე წელს ასოციაციის 9 წევრი ორგანიზაცია წარდგება:

  • ბუქმარკი — წიგნები ვაკეში
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • ზებრა
  • ზიარი
  • პოლინომიალი
  • სოვლაბი
  • სულაკაურის გამომცემლობა

ქართულ სტენდს ყურადღება წლევანდელ ბაზრობაზეც ექნება, როგორც მისი ვიზუალური და კონცეპტუალური გადაწყვეტით, ისე პოლიტიკური გზავნილებით, რომლებიც ბოლო წლებში ლიტერატურული საზოგადოების მხრიდან უცხოელ პარტნიორებთან ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო ხაზი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები