გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე მისასალმებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის, ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად, ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, რაც საჭიროა პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად: ჯანდაცვის რეფორმისთვის, პენსიების ზრდისთვის და ბავშვთა შემწეობებისთვის“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.