ბრიტანული რითეილ-კომპანია Frasers Group-ი განიხილავს შესაძლებლობას, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მიურეი გერმანული მოდის სახლის Hugo Boss-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) გახდეს. ამის შესახებ The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი Frasers Group-ის მიერ Hugo Boss-ის სრულად შეძენის მცდელობის ნაწილია.
მაიკლ მიურეი, რომელიც Frasers Group-ის მფლობელის, მაიკ ეშლის სიძეა, უკვე Hugo Boss-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
გასულ კვირას Frasers Group-მა Hugo Boss-ში თავისი წილი დაახლოებით 30.28%-მდე გაზარდა, რითაც გადალახა გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი ზღვარი, რომელიც კომპანიას სავალდებულო შესყიდვის შეთავაზების გაკეთებას ავალდებულებს.
ივნისში Frasers Group-მა Hugo Boss-ის აქციონერებს ერთ აქციაში 38 ევროს გადახდა შესთავაზა. მთლიანობაში შეთავაზების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.
Hugo Boss-ის ხელმძღვანელობამ აქციონერებს რეკომენდაცია მისცა, შეთავაზება არ მიეღოთ, რადგან კომპანიის შეფასებით, ის „ფინანსურად არასაკმარისია“.
შეგახსენებთ, რომ Hugo Boss, რომელიც 1924 წელს დაარსდა, გერმანიის ყველაზე დიდი პრემიუმ მოდის ბრენდია. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2025 წელს 4.3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.



























