თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ი კომპანიებისთვის, რომლებსაც პლატფორმის მოთხოვნებზე სურთ ხელის მოწერა, ისევ გაიხსნება - ამის შესახებ "ანალიტიკასთან" პლატფორმის იდეის ავტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, გამოჩნდა ბევრი ბიზნესი, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზით, განცხადებაზე ხელის მოწერა ახლა გადაწყვიტეს.
freebusiness.ge გასული წლის ბოლოს, პროევროპული აქციების პარალელურად შეიქმნა და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვდა. კომპანიებს საერთო განცხადებაზე ხელის მოწერა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
"დავინახეთ, რომ არის მოთხოვნა, სხვა კომპანიებიც შემოუერთდნენ განცხადებას. ხელმოწერების მიღება ამ დრომდე დახურულია, რადგან მოთხოვნა იყო, რომ პატიმრები ახალ წლამდე უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
პლატფორმის ხელახლა გახსნა ერთ-ერთი ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც ვგეგმავთ. პლატფორმის წევრ კომპანიებს შორის იყო აშკარა კონსენსუსი, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებმაც თავის დროზე ვერ მიიღეს ინფორმაცია, ან პოზიცია შეიცვალეს, ან დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკას მართლა ემუქრება საფრთხე და შესაბამისად უნდათ, განცხადებას შემოუერთდნენ", - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
პლატფორმის სამომავლო განვითარებაზე საუბრისას ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც freebusiness გადადგამს, წევრი ბიზნესმენები და კომპანიები გადაწყვეტენ, რათა პლატფორმა დემოკრატიული წყობის მაგალითი გახდეს. მისივე თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელიც წევრი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენი პლატფორმა იმ ბიზნესების გაერთიანებაა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოში ბიზნესგარემო პარტიული პოლიტიკისგან თავისუფალი და ინოვაციური იყოს და აჩვენოს დემოკრატიულობის მაგალითი, თუ როგორი დემოკრატია გვინდა გვქონდეს ქვეყანაში. ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, წევრები იღებენ. ჩვენ გვსურს, რამდენიმე ინიციატივა შევთავაზოთ, თუმცა ისინი თავად გადაწყვეტენ, რა ფორმით შემოუერთდებიან ამ ინიციატივას:
ინიციატივებს შორისაა, მაგალითად, სექტორული შეხვედრები, რომლებზეც კონკრეტულ დარგზე იქნება კონცენტრაცია. ძალიან მნიშვნელოვანია განცხადებაზე ხელმოწერების გახსნაც. ბევრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებაც, კერძოდ, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში იქნება შესაძლებელი ეკონომიკის მონიტორინგი, მაგალითად, სუპერმარკეტებში პროდუქციის ფასების..." - აღნიშნავს ჩუგოშვილი.
freebusiness.ge პლატფორმას ამჟამად 2427 ხელმომწერი ჰყავს. იმ კომპანიათა რიცხვი, რომელთა პოზიციაც მოსახლეობამ მოითხოვა, თუმცა თავად ბიზნესმა აზრი არ დააფიქსირა ან არ შეუერთდა განცხადებას, 174-ია. ჩუგოშვილს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის შეძლებენ კომპანიები, პლატფორმას შეუერთდნენ.