კომპანია „ფრეკოს“ დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე bm.ge-სთან ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ბიუროკრატიული ნაწილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და მარტივია, რაზეც მსოფლიო ბანკის რეიტინგებიც მეტყველებს.
ირაკლი ქურდაძის განცხადებით, ყოველი სტარტაპისთვის პირველ ეტაპს ბანკთან ურთიერთობა, კრედიტის მოპოვება და დამტკიცება წარმოადგენს. ამას მეორე ეტაპად სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხრიდან პროექტის თანადაფინანსება სდევს.
„აწარმოე საქართველოში ფარგლებში ჩვენ საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა მიწა სოფელ მუსხში, ამის შემდეგ ავიღეთ თიბისი ლიზინგი და შევიძინეთ ადგილობრივად დანადგარები. სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს ერთ-ერთი კომპონენტით ისინი ლიზინგის 11%-ს გვიფინანსებენ, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ 3%-ს ვიხდით“, - ამბობს ირაკლი ქურდაძე.
„ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, აქ საკმაოდ მწირია რესურსები. ე.წ. სტარტაპ კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მოპოვება ძალიან რთულია. კერძო სქეტორი, ამ შემთხვევაში ბანკები, აფასებენ იდეას და იღებენ გადაწყვეტილებას, ითხოვენ შესაბამის გარანტიებს. მათი დაკმაყოფილება კი სტარტაპ კომპანიებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.
მისივე თქმით, სტრარტაპისთვის ყველაზე დიდ პრობლემას კაპიტალის მოძიება წარმოადგენს, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ე. წ. სტარტაპების ბუმის შექმნას. ირაკლი ქურდაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ისეთი კომპანიები ხდებიან, რომლებიც ბანკთან ადასტურებენ საკუთარ შემოსავალს ან სხვა ბიზნესიდან უკვე გააჩნიათ შემოსავლები, აქვთ გარკვეული ქონება, რომლის უზრუნველყოფითაც ბანკი მათ სესხს უმტკიცებს.