ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანია „ფრეკო“ ბაზარზე ერთ-ერთ მზარდ ბიზნესს წარმოადგენს. როგორც მისი დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ქურდაძე აცხადებს, წარმოებასთან დაკავშირებით კომპანიის ძირითად პრობლემას ნედლეული წარმოადგენს.
კერძოდ, საქართველოში კარტოფილი ფრის წარმოებისთვის სპეციალური ჯიშების გამოყვანის კულტურა ჯერ ბოლომდე დანერგილი არ არის, რაც თავისთავად ნედლეულის პრობლემას ქმნის.
"ფრის წარმოებაში სპეციალური ჯიშები გამოიყენება, რომელსაც შაქრის დაბალი შემცველობა აქვს და საქართველოში ნაკლებად იყო გავრცელებული. ამ ეტაპზე ვცდილობთ, უფრო მეტმა ფერმერმა დათესოს ეს ჯიშები. პრობლემა იყო ის, რომ სტაბილური ნედლეულის მოწოდება გაჭირდა. ფერმერებთან დავიწყეთ მუშაობა და დღეს უკვე 100 ჰა-მდე ნათესი ფართობია, დაახლოებით, 20 ფერმერია, ვინც ამ კარტოფილს აწარმოებს. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენც ამ ეტაპზე საწარმო სიმძლავრეები დავამატეთ, კომპანიამ ახლახანს წარმოების მოცულობა 2-ჯერ ახალი დანადგარების დახმარებით გაზარდა", - განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.
„ფრეკო“ პროდუქტის დისტრიბუციას ძირითადად თბილისში და სამცხე ჯავახეთში ახდენს. საწარმოდან, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და ახალციხეში მდებარეობს, პროდუქციის გადაზიდვა თბილისში ხდება, ხოლო შემდგომ უკვე დედაქალაქიდან - დისტრიბუცია.
"ფრეკოს" კარტოფილი ფრი ბაზარზე პირველად 2017 წელს გამოჩნდა. ბიზნესში დღემდე ჯამში, 1.5 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანია წელიწადში 1200-დან 1500 ტონამდე კარტოფილს გადაამუშავებს.
კომპანია ამ ეტაპზე საკუთარი პროდუქციით თბილისთან ერთად ბაკურიანის კვების ობიექტებს ამარაგებს. „ფრეკო“ თბილისში დაახლოებით, 300 კვების ობიექტს ამარაგებს - რესტორნებს, პაბებს, ლუდის ბარებს, სახინკლეებს, სწრაფის კვების ობიექტებს და ა.შ.
ირაკლი ქურდაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის მერყეობამ მისი პროდუქციის გაძვირება გამოიწვია და ახლა მისი საფასო პოლიტიკა 4.50 ლარიდან 12-14 ლარამდე მერყეობს.

























