რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც სერგეი ლავროვი Tass-თან ინტერვიუში აღნიშნავს, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა სურთ, სურთ ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით. სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რადგან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - განაცხადა ლავროვმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ლავროვი აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა სააკაშვილის ინიციატივა იყო.
"დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა იყო, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებად თვლიდა; ხელი ასწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ. როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ", - აღნიშნა ლავროვმა.