ფრიდონ ინჯიამ ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დაფუძნების ინიციატივით მიმართა.
საპარლამენტო ჯგუფ, ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეახსენა, რა თანხას იხდის ბიუჯეტი საჯარო მოხელეების დაზღვევით უზრუნველყოფისთვის.
,,დღეს, საქართველოში 350 000 საჯარო მოხელეა, რომელიც დაზღვევას იხდის, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში. მარტო პარლამენტი, იხდის 3 მლნ-მდე ლარს დაზღვევაში. ამას რომ მივუმატოთ სამინისტროები და ყველაფერი, ძალიან დიდი თანხა გამოდის. ეს გამოდის სადღაც 150-160 მლნ ლარი, რომელიც მიდის კერძო კომპანიებში. სახელმწიფო თუ თავის თავზე აიღებს რაღაც ფუნქციებს, რაღაც ნაწილში ამით თანხა დაიზოგება.
ყველა სადაზღვევო კომპანია კერძოა და მათ შორის, ნაწილში გადახდილი თანხა, გადის საზღვარგარეთ. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ აქ გამომუშავებული თანხა არ გავიდეს საზღვარგარეთ. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ინჯიამ.
მოგვიანებით დეპუტატის კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება: "შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად რეალისტური და რაციონალურია".