გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანიაში მცხოვრები სირიელების უმრავლესობა საკუთარ ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს.
მერცის გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გერმანიაში მყოფი სირიელების დაახლოებით 80% სამშობლოში უნდა გაემგზავროს, თუმცა გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ექიმები და ექთნები, ქვეყანაში დარჩენას შეძლებენ.
კანცლერის განმარტებით, ვინაიდან სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, დაბრუნების პერსპექტივა რეალურია და ოფიციალური ბერლინი დამასკოსთან ამ პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებაზე აქტიურად ითანამშრომლებს.
აღსანიშნავია, მიგრაციის შეზღუდვა ფრიდრიხ მერცის 2025 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში ის არაერთხელ აცხადებდა, რომ სირიელების სამშობლოში დაბრუნება არა მხოლოდ გერმანიისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ თავად სირიისთვისაც. მერცმა ეს პოზიცია ალ-შარაასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ სირიელების დაბრუნება ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენასა და რეაბილიტაციასაც შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალ-შარაას ვიზიტს ბერლინში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - ოპოზიციურად განწყობილმა ჯგუფებმა გერმანიის მთავრობა იმ ლიდერის მასპინძლობისთვის გააკრიტიკეს, რომელზეც აშშ-ს 2024 წლის ბოლომდე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ღონისძიების პარალელურად, კანცლერის ოფისთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა, სადაც დემონსტრანტები ისლამისტური სტრუქტურების გაძლიერების საფრთხეზე მიუთითებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. 2024 წლის ბოლოსთვის გერმანიაში მათი რაოდენობა 1.23 მილიონის აღწევდა.




























