კანცლერ ფრიდრიხ მერცის სამთავრობო კოალიციამ, გერმანიის ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის აღდგენის მიზნით, რეფორმების მასშტაბური პაკეტი წარადგინა.
ახალი ინიციატივა დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და საპენსიო სისტემის ძირეულ გარდაქმნას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-მდე გაანახევრა, 2027 წლის მაჩვენებელი კი, 1.3%-ის ნაცვლად, 0.9%-ით განსაზღვრა. ამასთან, ენერგორესურსებზე ფასების მატების გამო, ქვეყანაში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელმაც იმატა.
როგორც ირკვევა, წარდგენილი გეგმა დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის ყოველწლიურად 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მშენებლობასა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს.
ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით კი, მთავრობა ფედერალურ სამინისტროებში თანამშრომელთა შტატის 8%-ით შემცირებას გეგმავს. საპენსიო რეფორმას რაც შეეხება, სპეციალურმა კომისიამ შვედური მოდელის საპენსიო ფონდის შექმნისა და საპენსიო ასაკის ეტაპობრივი გაზრდის რეკომენდაცია გასცა, პარლამენტი კი ცვლილებებს წლის ბოლომდე დაამტკიცებს. გარდა ამისა, პროექტი ბიუროკრატიის შემცირებას, მოკლევადიანი შრომითი კონტრაქტების გაფორმების გამარტივებასა და ბიულეტენის აღების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა პანდემიის შემდეგ განვითარების ტემპის აღდგენას აქტიურად ცდილობს. ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული მოდელისთვის უმთავრეს გამოწვევად ენერგეტიკული კრიზისი და საავტომობილო ინდუსტრიაში ჩინური წარმოების გავლენის ზრდა მიიჩნევა.




























