თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სიტკომის, Friends-ის გმირების სახლის ანალოგი შეიქმნა, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება, სერიალის მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ, 62$-ად შეუძლიათ.
ბინა ორთაჭალაში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე მდებარეობს და მისი დღიური საბაზრო ფასი 2 ადამიანზეა გათვლილი. ყოველ დამატებით სტუმარზე 11 $ ემატება. სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა კი ხუთია.

The One In Tbilisi - ასე ეწოდება პროექტს, რომლის იდეაც შოთა ანდრიაძეს, წლების წინ, საყვარელი სერიალის ნახვის შემდეგ გაუჩნდა, ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად კი ფართის ძიება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გადაწყვეტილების მიღებაში ბინის Airbnb ფორმატის გასაქირავებელ ობიექტად მოსაზრებაც დაეხმარა და იდეა, თითქმის სრულად, საბანკო იპოთეკური დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 დოლარია. სწორედ ეს თანხა დასჭირდა ორთაჭალაში 78 მ2 შავი კარკასული ფართის შეძენას, მის სრულ რემონტსა და სერიალთან მაქსიმალური სიზუსტით მიმსგავსებული დეკორით, ავეჯით, აქსესუარებითა და ნივთებით გაფორმებას.
საცხოვრებელი სტუდიურ ნაწილს, ორ საძინებელს, სველ წერტილსა და აივანს აერთიანებს. ფართის შავ კარკასულ მდგომარეობაში შეძენის მიზანი კი პოპულარული პერსონაჟის ბინის არქიტექტურის მაქსიმალური ზედმიწევნით გამეორების შესაძლებლობა იყო. შოთა ანდრიაძე ამბობს, რომ მხოლოდ დეკორს, აქსესუარებსა და სერიალში გამოყენებული ნივთების ანალოგების შეძენასა თუ შეკვეთით დამზადებას 11-12 ათასი დოლარი დასჭირდა.

ბინა აგვისტოს ბოლოდან Airbnb პლატფორმაზეა და როგორც მფლობელი გვეუბნება, მასზე მოთხოვნა უკვე საკმაოდ დიდია. მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, Friends-ის თაყვანისმცემელია.
„სამწუხაროდ, მსურველთა 60-70%-სთვის უარის თქმა გვიწევს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, 5 -ზე მეტი სტუმარია და დღესასწაულების მოწყობა სურთ. ჩვენი ბინა მოკლევადიანი განთავსების ფორმატისაა და საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს, ამიტომ მათთან ვერ ვთანხმდებით. გამონაკლისს მხოლოდ მსუბუქი ღონისძიებებისთვის ვუშვებთ.
ამ ეტაპზე ჯავშნების 80% საქართველოდან გვაქვს. სტუმრები, ძირითადად, 20-35 წლის ახალგაზრდები არიან“, - უთხრა BMG-ს ანდრიაძემ.

მფლობელი ვარაუდობს, რომ ბინა, მასთან დაკავშირებული ყოველთვიური საოპერაციო ხარჯების გასტუმრებას (მათ შორის სესხის მომსახურებას), დატვირთვის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, 4-5 თვეში შეძლებს. ხოლო 100 ათას დოლარიანი საბანკო ვალდებულების დაფარვას 6-7 წელიწადში მოახერხებს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის „მეგობრების“ პრემიერა 1994 წლის სექტემბერში ტელეარხ NBC-ზე შედგა. იგი ეთერში 10 წლის განმავლობაში, 2004 წლამდე გადიოდა. ჯამში 10 სეზონისგან (236 ეპიზოდი) შემდგარი სიტკომი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი „ემი“ მიიღო. ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა ნახა.
Friends-ი დასრულებიდან თითქმის 20 წლის თავზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 28 ოქტომბერს სიტკომის ერთ-ერთი ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალებამ სერიალის აქტუალურობა კიდევ უფრო გაზარდა. Billboard წერს, რომ მეთიუ პერის მიერ გასულ წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნი „Friends, Lovers, and the Big Terrible Thing“, სადაც იგი თავის ცხოვრებაზე, პირად თუ კარიერულ გზაზე წერს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ნომერი პირველი ბესტსელერი გახდა. წიგნი, რომელიც Amazon-ზე, ამჟამად, 23.99 დოლარი ღირს, ყველაზე გაყიდვად გამოცემად იქცა.


























