საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები იგეგმება, რის შემდეგაც, შესაძლოა, საქართველოში წარმოებული თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა შესაძლებელი გახდეს. საკითხზე შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა.
მეფრინველეობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ პროცესები ბოლომდე მივიდა და ქართული წარმოშობის ფრინველის ხორცისთვის ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივები ჩნდება. გაერთიანების ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ჩინურ ბაზარზე თეთრ ხორცზე მოთხოვნა ნაკლებად არის, თუმცა მზარდია დაინტერესება ქათმის სხვა ნაწილებზე. როგორც ის ამბობს, ამან შეიძლება ადგილობრივი წარმოების განვითარებას მისცეს მოტივაცია.
“ძალიან დიდი ხანია ჩინელები ეძებენ საქართველოში და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქათმის ფეხს, კისერს, ფრთას და იმ ნაწილებს, რომელიც ტრადიციული ჩინური სამზარეულოსთვის არის ძალიან დელიკატური და მისაღები პროდუქტი. შესაბამისად, ეს არის პერსპექტიული მიმართულება, ისინი ქათამს ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარენ და თუ ეს საქმე ხელშეკრულებით ორმხრივი შეღავათის დონეზე იქნა მოგვარებული, ალბათ, უფრო დიდი რაოდენობით გავა ეს პროდუქტი ექსპორტზე. ფრინველის ხორცის მიმართულებით ქვეყანაში თვითკმარობის მაჩვენებელი 32% პროცენტი გვაქვს, ანუ, რეალურად ვერ ვაკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნას. [ჩინეთში გატანის პერსპექტივა] კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად, ქათმის ნაწილები იმდენად მოთხოვნადი გახდეს, რომ შეიძლება დაინტერესება გამოიწვიოს ფრინველის ხორცის წარმოების და მოცულობის გაზრდის მიმართულებით.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, თუ ეს პროექტი განხორციელდა და ექსპორტი დაიწყო ჩინეთთან, როგორც ჩინეთიდან შემოდის საქართველოში ტვირთი საზღვაო ტრანსპორტით კონტეინერებით ფოთში, ალბათ, ანალოგიურად გაიგზავნება უკანაც. ფოთამდე მოუწევს წარმოებას ჩატანა და და იქიდან ალბათ საზღვაო ტრანსპორტით გაიგზავნება ჩინეთში.” - ამბობს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული წარმოების ფრინველის ხორცის უდიდესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, სადაც სახმელეთო გზით ხდება გადაზიდვა.




























