კომპანია "ფრუტილიას" დამფუძნებელი ექსპორტის შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, წელს ექსპორტის მოცულობებზე რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების მოლოდინმა იმოქმედა.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, აღნიშნულის მოლოდინიდან გამოდინარე, ექსპორტიორებმა ნაკლები ინვესტიციები განახორციელეს.
ამასთან, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა ადგილობრივი პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობასაც.
“ექსპორტის მოცულობებზე გავლენა იქონია იმან, რომ იყო მოლოდინები რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით და ნაკლები სტიმული ჰქონდათ ექსპორტიორებს გარკვეული ინვესტიციები ჩაედოთ და წინასწარ შეეძინათ პროდუქცია. ასევე, მოსავლის ხარისხმა და პროდუქციის რაოდენობამაც იქონია გავლენა - წელს არ არის ის რაოდენობა და ხარისხი, რომელიც იქნებოდა საკმარისი და სათანადო იმისთვის, რომ ექსპორტის მოცულობები გაზრდილიყო“, - აცხადებს კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

























