მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს კომპანია "დინ გრუპი" შეასრულებს

ფშაველი-ომალო

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს კომპანია "დინ გრუპი" შეასრულებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რომელიც ფშაველი-აბანო-ომალოს მეორე ლოტის (კმ21.5 - კმ25.5 მონაკვეთი) სამუშაოებს ეხება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20,3 მლნ ლარი იყო. თუმცა ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანია "დინ გრუპმა" 19 245 013 ლარი შესთავაზა. ამჟამად მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 24 თვეში. შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

აღსანიშნავია, რომ "დონ გრუპი" არის კომპანია, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები ერთი წლის შემდეგ თავიდან გამოცხადდებოდა.

ცნობისთვის, "დინ გრუპის" წილის 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი ფლობს, 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი. კომპანიას 70.7 მლნ აშშ დოლარის ტენდერები აქვს მოგებული. სულ 278 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 74%-ში გაიმარჯვა.

მოგებულ შესყიდვებს შორისაა, ისნის რაიონის გამგეობის რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტები და სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები.

ოფიციალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ნიკოლოზ ეპიტაშვილს არცერთი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს. რაც შეეხება ვახტანგ ამაშუკელს, მან პოლიტიკური დონაცია 3-ჯერ განახორციელა. ბოლოს, "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი 2024 წლის სექტემბერში შესწირა. იქამდე, 2016 წლის სექტემბერში 15 500 ლარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის". ამავე წელს და ამავე თვეს აქვს შეწირული 15 500 ლარი მაჭუტაძის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის".

აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. მეორე ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნული გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 1960-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები