29 ივლისს, დილის 06:00 საათიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტოიირდან ომალომდე გადაკეტილია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.
"იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა, 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად. მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს სავრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება.
მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნის დარჩებიან პოლიციის და სამაშველო ჯგუფები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























