მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "ფსიქეა" მხარდაჭერას უცხადებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მშვიდობიან მომიტინგეებს და აქციებზე დაზარალებულებს, უფასო კონსულტაციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ რთულ პერიოდში მიმდინარე პროტესტს შეიძლება თან ახლდეს ტრავმული გამოცდილება, ემოციური და მენტალური გამოწვევები. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მზად არის უზრუნველყოს უფასო, გადაუდებელი კონსულტაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის, რომლებიც განიცდიან ძლიერ სტრესს, შფოთვას ან ტრავმულ გამოცდილებას გამართული დემონსტრაციების დროს.
კონსულტაციები, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის უფასო კონსულტაციას, ასევე ჯგუფურ თერაპიას. გახსოვდეთ, მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.