მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Fête des Vignerons" - "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" ღვინო შვეიცარიულ ფესტივალზე

5d2cc33075918
თელარა გელანტია
17.07.19 09:00
981
18 ივლისიდან შვეიცარიის ქალაქ ვევეში (Vevey) სტარტს მევენახეთა ფესტივალი - Fête des Vignerons-ს აიღებს.

ფესტივალი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, 25 წელიწადში ერთხელ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც წლევანდელ ღონისძიებას გამოტოვებს, მას 2039 წლამდე მოუწევს მოცდა.

სამი კვირის განმავლობაში Fête des Vignerons – მევენახეთა ფესტივალი ერთგვარი შესაწირია რეგიონის ღვინის კულტურისადმი, რომელიც უკვე საუკუნეებია სანახაობრივი წარმოდგენებით აღინიშნება.

მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მოიცავს კონცერტებს, შოუებს, სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენებს, ქალაქის მთავარ არენაზე ტარდება, რომელიც 14.000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 20.000 ადამიანი ეტევა.

ეს არის პირველი შვეიცარიული ცოცხალი ტრადიცია, რომელიც 2016 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

აღსანიშნავია, რომ წელს „Fête des Vignerons“-ის პერიოდში ვევეში „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ ღვინოც იქნება წარმოდგენილი.

როგორც bm.ge-ის „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა განუცხადა, მას ამის შესაძლებლობა შვეიცარიელმა მეგობარმა მისცა.

„ვევეში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ღვინის ქომაგია, გადაწყვიტა, ფესტივალის პერიოდში ჩვენი ღვინო და ქართული სამზარეულო ყოფილიყო წარმოდგენილი; თავისის სახლის ეზოში მოაწყო თონე, მაყალი და მოგვეცა საშუალება, ქალაქის სტუმრებს დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო. ამ ფესტივალის პერიოდში ვევეში მხოლოდ ამ ქალაქის ღვინო, პროდუქციაა წარმოდგენილი, ამიტომ ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება მოგვეცა, ფესტივალზე, რომელიც 25 წელიწადში ერთხელ იმართება, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა, ჩვენი ღვინო, ქართული სამზარეულო და ფოლკლორი“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები