მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულად გზავნილებზე ოჯახების მაღალი დამოკიდებულება, ქალების ემიგრაციაში ყოფნას ახანგრძლივებს - კვლევა

მიგრანტი ქალი

ოჯახების მაღალი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას, მეორე მხრივ კი, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგი სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ მომზადებულ საჭიროებების კვლევაში, რომლის ავტორია ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისათვის" (WECF).

კვლევაში წერია, რომ საქართველოსთვის უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს გამოწვევებად, შესაბამისად, ოჯახის უზრუნველყოფა კიდევ უფრო რთულდება და ემიგრაცია ხანგრძლივდება, როდესაც ოჯახში ბავშვები არიან ან როდესაც ე.წ. გაფართოებულ ოჯახს (მშობლები, და-ძმა, ნათესავები) დაბალი, ან საერთოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს.

“ამასთან, საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების საჭიროებები მუდმივად იზრდება და ემიგრანტი ქალები შვილების შემდეგ შვილიშვილების კეთილდღეობისთვის აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში - „ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები, მაგრამ პრობლემა პრობლემას ემატებოდა ეკონომიური მხრივ, უკან-უკან წავიდა ქართული ყოფიერება…“ (ემიგრაცია, 48 წლის).

ეს სურათი მიუთითებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომლის გამოც ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც კი რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი. მართლაც, საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2022 წელს 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9%-ია. წინა წლებს, განსაკუთრებით პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 916.3 მლნ აშშ დოლარი იყო, მშპ-ს დაახლოებით 5%.

ქვეყნის ეკონომიკისთვის ფულადი გზავნილების კრიტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით COVID-19-ის კრიზისის დროს გამოჩნდა, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დრამატულად შემცირდა, ფულადი გზავნილების მოცულობა კი გაიზარდა და ექსპორტის შემდეგ, უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა (PMCG, 2022). კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მუშაკთა გზავნილებმა 2020 წელს მშპ-ს დაახლოებით 7% (1.2 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წელს დაახლოებით 9% (1.6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. სამწუხაროდ, სქესის ნიშნით სეგრეგირებული ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ არ არსებობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და საბერძნეთი - ქართველი ემიგრანტი ქალების მთავარი მიმღები ქვეყნები - სიის სათავეში არიან, შეიძლება ვიმსჯელოთ ემიგრანტი ქალების მნიშვნელოვან ეკონომიკურ კონტრიბუციაზე”, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ფულადი გადმორიცხვები ჭარბობს, რუსეთი, იტალია, აშშ, საბერძნეთი, ისრაელი, გერმანია, თურქეთი და ყაზახეთია.