მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფულბრაიტის“ 50 მონაწილე გმობს „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ

ფოტოს ავტორი მზია საგანელიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) 50 მონაწილე გმობს „ქართული ოცნების“ მმართველობის გადაწყვეტილებებს ევროინტეგრაციის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი

„დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს“, - მიიჩნევენ ისინი.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა“, - აცხადებენ ხელმომწერები.

საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები