აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის „ფულბრაითის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“ 2020-2024 წლის მონაწილეები საქართველოში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვას ეხმაურებიან.
"ჩვენთვის მიმდინარე მოვლენების თვალის დევნება ორმაგად რთულია, რადგან ახლა ვიმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულბრაითის პროგრამით, რომლის დასრულების შემდეგაც მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას უნდა მოვახმაროთ. ამ კანონპროექტების განხილვა, არათუ მიღება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის 78-ე მუხლს, რომელიც ნათლად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ ქვეყნის სტრატეგიულ კურსს - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აღნიშნული კანონპროექტები ცალსახად უარყოფითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ხოლო მათი გაუთვალისწინებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას ეჭვქვეშ აყენებს. კანონპროექტებს ადგილობრივი ორგანიზაციებიც უარყოფითად გამოეხმაურნენ და ნათლად აღნიშნეს, რომ მათი „აგენტებად“ დარეგისტრირების მოთხოვნამ, შესაძლოა, ამ ორგანიზაციების დაფინანსება ან არსებობა შეწყვიტოს. ეს, თავისთავად, აისახება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე, რომლებიც მათი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სერვისებით სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით სარგებლობენ.
კანონპროექტები დააზიანებენ ქვეყანაში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რადგან ახალგაზრდებისთვის და, ზოგადად, აკადემიისთვის საფრთხე ექმნება იმ სიკეთეებით სარგებლობას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერილი პროგრამები უზრუნველყოფენ.
2014 წლიდან „ფულბრაითის“ სამაგისტრო პროგრამამ, საქართველოში ათობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სწავლა და გაეღრმავებინა ცოდნა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. აღნიშნული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლას, არამედ, ეს არის ხელმისაწვდომობა უამრავ მეცნიერულ კვლევასა და ნაშრომზე, პრაქტიკით გამყარებული სხვადასხვა სახის სწავლება, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, ახალი ადამიანებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა, ამერიკის წამყვან ორგანიზაციებში დროებითი დასაქმების და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა. საერთაშორისო სტუდენტის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, შეასრულო მხარდაჭერილი პროგრამით აღებული ვალდებულებები და ასევე, წარადგინო და დადებითად წარმოაჩინო საქართველო. ეს კი უფრო რთული ხდება, როდესაც ქვეყანაში განიხილება ისეთი კანონპროექტები, რომლებიც იმ ღირებულებებთან, რასაც აკადემიურ წრეებში განვიხილავთ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია.
ჩვენ სწავლას განვაგრძობთ და ცოდნას ვიღრმავებთ სხვადასხვა მიმართულებით: სამედიცინო გენეტიკა და დიაგნოსტიკური გენომიკა, აეროინჟინერია, საჯარო მმართველობა, სამართალი, განათლების პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ურთიერთობები, კონსერვაციული ბიოლოგია, განათლება, დემოგრაფია, გეო-ინფორმაციული სისტემები და “მეფფინგი”, ეროვნული უსაფრთხოება, მიკროელექტრონიკა და ფოტონიკა, თუმცა გვაერთიანებს ერთი - ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც გამოხატავს საზოგადოების ნებას და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი თვითმიზანი არის იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ეფუძნება ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და ამ უფლებების თანასწორ აღიარებას.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ არ მიიღოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონები. აღნიშნული დააზიანებს ჩვენი საზოგადოების თითოეულ ჯგუფს და ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.
განცხადებას ხელს აწერენ:
არკადი აკოფიანი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის სკოლა, მიკროელექტრონიკის და ფოტონიკის სამაგისტრო პროგრამა.
გიორგი გვასალია, Texas A&M უნივერსიტეტი, აეროინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
გიორგი რევიშვილი, Texas A&M უნივერსიტეტი, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების/ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა.
გოგა ქათალანძე, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა.
თეა ნათელაური, ტულეინის უნივერსიტეტი, ნიუ ორლეანი, სამედიცინო გენეტიკისა და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა.
მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტი, ჰუბერტ ჰამფრის საჯარო მმართველობის სკოლა, საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
ნათია ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტი, ჰუბერტ ჰამფრის საჯარო მმართველობის სკოლა, ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა.
ნათია ჯავახიშილი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსერვაციული ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა.
ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა, კონცენტრაცია დემოგრაფიასა და გეო-ინფორმაციულ სისტემებში.
სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი, ნიუ ორლეანი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
სოფიკო არჯევანიძე, ნორსისტერნის უნივერსიტეტი, ბოსტონი, საჯარო პოლიტიკის პროგრამა
სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, კოლეჯ პარკი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა", - აღნიშნულია განცხადებაში.