700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ საქმე „კომპლექსურ დანაშაულებრივ სქემად“ შეაფასა. როგორც პროკურორმა განაცხადა, საქმე უპრეცედენტო რაოდენობის თანხის გათეთრებას შეეხება.
გამოძიების ინფორმაციით, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 60 მილიარდი რუსული რუბლის დაუსაბუთებელ ფინანსურ რესურსზე, რომელიც, საგამოძიებო ვერსიით, აზერბაიჯანიდან რუბლში შემოიტანეს.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმეში კიდევ ერთი პირი ელდარ ჰუსეინოვი ფიგურირებს.
კახა კოტორაშვილის ინტერესებს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა იცავს. დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კოტორაშვილმა გაქცევა არ სცადა, ამბობს მედიასთან.
თავად კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.




























