“ეს ერთის მხრივ ძალიან მტკივნეულია სექტორისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, იძლევა ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას” - ასე ეხმაურება განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 1,7 გიგავატის სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხილვა შეჩერდა.
მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, თუმცა მათზე ოფიციალური საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ აღარ გაფორმებულა.
მაია მელიქიძის შეფასებით, ეს ის პროექტებია, რომლებიც რეალურად მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, ჰქონდათ გარკვეული ხარვეზები და არაერთ გზის იყო გადავადებული.
“ერთ რამეზე ყველანი ვთანხმდებით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ბალავარი. მის გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის რაიმე თვალსაზრისით განვითარება და ეს არის ფაქტი.
რაც შეეხება თავად განკარგულებას, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა იმ ტიპის პროექტების გაუქმება, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხარვეზები და არაერთ გზის იყო გადავადებული. ჯამში გამოვიდა 1746.7 მეგავატის დადგმული სიმძლავრის, სხვადასხვა ტიპის როგორც ჰიდროს, ასევე მზის და ასევე ქარის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები. ეს არის პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფურცელზეა და აი ამ ტიპის პროექტები გაუქმდა. ეს ერთის მხრივ, ძალიან მტკივნეულია სექტორისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, იძლევა ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.
ის ხარვეზები, რომლებიც გამოვლინდება უკვე მიერთებების ჭრილში, არ გამოვრიცხავ, რომ დაახლოებით მსგავსი ტიპის კიდევ ერთი ტალღა წამოვიდეს, როდესაც მოხდება გარკვეული პროექტების ნიველირება და გამოთავისუფლდება სიმძლავრეები”,-აცხადებს მაია მელიქიძე.




























