მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფუტკრის ტროპილელაფსის ტკიპის საფრთხეზე მუხურში ფერმერებისთვის სემინარი გაიმართა

ფუტკარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე იმ რისკებზე იმსჯელეს, რომლებიც საფუტკრეებში ტროპილელაფსის ტკიპის (Tropilaelaps spp.) გავრცელების პოტენციურ საფრთხეს უკავშირდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ დასავლეთ საქართველოში გასული წლიდან ფუტკრის მავნებელს - ტროფილელაფსის ტკიპას ებრძვიან, რომელიც სწრაფად მრავლდება, ფუტკრის ოჯახებს ასუსტებს და ანადგურებს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მავნებელთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების დროული გატარება, ტროპილელაფსი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება, რამაც შედეგად შეიძლება ქვეყანაში ფუტკრის ოჯახების 50-60%-მდე განადგურება გამოიწვიოს. გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყების, მეცნიერების და დარგის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეჯერდნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული მავნე აგენტი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქციული უნარით, აზიანებს ფუტკრის ლარვებსა და ჭუპრებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციების განვითარებას.

ღონისძიებას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ირაკლი ჯანაშია, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია გააცნო ტკიპის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე ცენტრის სპეციალისტებისთვის.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ტროპილელაფსის ბიოლოგიური თავისებურებები და გავრცელების პოტენციალი საქართველოში; დაავადების დიფერენცირება ვარროასთან (Varroa destructor) შედარებით და რეკომენდებული კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები.

მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ცენტრი აქტიურად ახორციელებს ფუტკრის დედების გამოყვანას, ინარჩუნებს ადგილობრივ მეფუტკრეობის ტრადიციულ ფორმებს და ხელს უწყობს გენეტიკურად მდგრადი პოპულაციების შენარჩუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები