მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფხაკაძე BAG-ის პრეზიდენტად მის დანიშვნაზე: გადაწყვეტილება წესდებასთან თავსებადია

5cac787a6611c
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.19 15:00
771
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ “საქმის კურსთან” ინტერვიუში თქვა, რომ BAG-ში მისი გაპრეზიდენტება ასოციაციის წესდებასთან სრულ თანხვედრაშია. ფხაკაძემ “საქმის კურსის” ეთერით ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ჭირაქაძეს ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ჭირაქაძემ გადადგომის შესახებ ასოციაციის წევრებს წერილობით აცნობა. ჭირაქაძე აღნიშნავს, რომ წესდების მიხედვით, პრეზიდენტის პოსტს პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაიკავებს.

“პირველ რიგში, მე მინდა გიორგი ჭირაქაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული წვლილისთვის ამ 10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ეს არის ასოციაციის გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ის სრულიად თავსებადია წესდებასთან, რომელიც მაშინ შევქმენით, როდესაც ასოციაცია დავაარსეთ", - ამბობს ფხაკაძე.

“საქმის კურსის” კითხვაზე თუ ვინ დაიკავებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ფხაკაძე პასუხობს, რომ კანდიდატურა ცნობილია, რის შესახებ საჯაროდ განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

“დიახ ცნობილია და ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ეს იქნება უახლოეს დღეებში, თუმცაღა ეს ისევ და ისევ იქნება წესდებასთან შესაბამისი. განვაცხადებთ ამის შესახებ, როგორც კი ეს იქნება ცნობილი.

ჩვენი ამოსავალი წერტილი არის წესდება და ის აქტები, რომლებიც მიღებულია. ეს ასოციაციის საქმიანობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, სამართლებრივი ჩარჩო არის ის ჩარჩო, რომელსაც ჩვენ არასოდეს არ გავცდენილვართ და არასოდეს არ გავცდებით.

როგორც იცით, მე პირველივე დღეებიდან ჩართული ვარ ასოციაციის საქმიანობაში, ჩვენ ყოველთვის გვქონდა სიახლეები და ამ სიახლეებს ჩვენ გავაგრძელებთ მომავალშიც და ამ სიახლეების შესახებ თანმიმდევრულად ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში", - განაცხადა “ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების მეხუთე მუხლის მიხედვით, BAG-ის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და სამეურვეო საბჭოს ასოციაციის ყრილობა ამტკიცებს:

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო ყრილობა.”

“ყრილობა დამსწრეთა უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით ირჩევს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მათ შორის პრეიზდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებს და ამტკიცებს მათ სამეურვეო საბჭოს წევრებს ამ წესდების მეცხრე მუხლით დადგენილი წესდებით.”

წესდების მიხედვით, BAG-ის პრეზიდენტი ასოციაციის გენერალურ მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს. დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ასოციაციას წარმოადგენს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები